X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ-იანი მონაკვეთი წელს გაიხსნება

6 მარტი 2020

2019 წელს დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - რიკოთის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა. 25 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები, ხოლო დარჩენილ ორ მონაკვეთზე კონტრაქტორები ემზადებიან სამუშაოების დასაწყებად. მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-ზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ დასრულება იგეგმება 2020 წელს. კერძოდ, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა,  ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ მონაკვეთი,“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საგზაო პროექტებზეც. მან აღნიშნა, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე, ხოლო ბათუმი-სარფის მონაკვეთი პროექტირების ეტაპზეა.  მინისტრი შეეხო ქვეშეთი-კობის პროექტსაც, რომლითაც გათვალისწინებული 9 კმ-იანი გვირაბის და 12 კმ გზის მშენებლობა. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროექტზე 2 500 ადამიანი დასაქმდება. 

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 804 კმ გზის რეაბილიტაციის სამუშაო დაასრულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, ლენტეხი-მესტიისა და  სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის  მონაკვეთებზე.

„გზის ინფრასტრუქტურის ტენდერებში 55-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ბრუნვაც. მაგალითად, 7-მა კომპანიამ 20 მილიონიან ბრუნვას გადააჭარბა, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 20 მლნ ლარზე მეტი 11-მა კომპანიამ მიიღო. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ქართული კომპანია ახალ სიმძლავრეებზე გადის. მთლიანობაში, გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში დასაქმებული იყო 10 ათასი ადამიანი, საიდანაც 90% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცე-პრემიერმა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ნაწილობრივ დასრულდა და 2020 წლის განმავლობაში დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ფოთის და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება.